გაიცანით, ეს მარიამ ოჩიგავაა!

19.05.2021

გვსურს, გაგაცნოთ გოგო, რომელიც ახლახანს შემოურთდა ჩვენს დიდ ოჯახს და უკვე აქტიურად ჩაერთო სკოლის ცხოვრებაში. და არც მეტი და არც ნაკლები საერთაშორისო ასპარეზზე ასახელა თავისი სკოლა!

გაიცანით, X გ კლასის მოსწავლე მარიამ ოჩიგავა, დამრიგებელი მარინა ნინუა. მას მომავალში, იურისტობა სურს და დიდ წარმატებებზე ოცნებობს…

2021 წლის 14 აპრილს საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის ქართული წარმომადგენლობამ ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩაატარა ლიბანისადმი მიძღვნილი ღონისძიება Le Liban à l’honneur. La Géorgie solidaire avec le Liban (პატივს მივაგებთ ლიბანს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ლიბანს).

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, რომლებმაც გაგვაცნეს ლიბანის ისტორია, არქიტექტურა, მხატვრობა, ლიტერატურა, მუსიკა, ქვეყნის ტურისტული ადგილები. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო ფრანგულენოვანი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრ ნაჯარი, რომლის მრავალმხრივი შემოქმედება და საქმიანობა გასულ წელს აღინიშნა ორი მნიშვნელოვანი პრემიით– ფრანგული რენესანსის ოქროს მედლითა და საფრანგეთის აკადემიის ფრანკოფონიის დიდი პრიზით.

პროფესორებმა და სტუდენტებმა ისაუბრეს მწერლის რომანებსა და პოეზიაზე, წაიკითხეს ნაწყვეტები მათ მიერ წარმოდგენილი რომანებიდან. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საპატიო სტუმრის სტატუსით, ფრანგულენოვანი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრ ნაჯარი, ფრანგული რენესანსის საერთაშორისო პრეზიდენტი დენი ფადდა, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ლიბანის ელჩი სომხეთსა და საქართველოში მაია დაღერი, საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ლიბანის უნივერსიტეტების პროფესორები. აი, სწორედ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობდა მარიამი, ჩვენი სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელთან, მაკა ნადარეიშვილთან ერთად. მათ შეძლეს და კიდევ ერთხელ ღირსეულად წარადგინეს სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა.

მარიამ ოჩიგავა

მე ვარ მარიამ ოჩიგავა 15 წლის. 8 წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში, სულ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში დავბრუნდი. ძალიან მომწონს ჩემი ახალი სკოლა, დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები. ბედნიერი ვარ, რომ სკოლამ მომცა საშუალება, მონაწილეობა მიმეღო ,,ფრანკოფონიის” საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებულ ლიბანისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და იმედი მაქვს, ჩემი ცოდნით ბევრ წარმატებებს მოვუტან სკოლას.